ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს

გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა.

„ვამბობ პირდაპირ და არაორაზროვნად: დიახ, გერმანია სრულად შეწყვეტს რუსული ენერგომატარებლების იმპორტს“, - განაცხადა ბერბოკმა.

„ჩვენ რუსული ნავთობის მოხმარებას ზაფხულამდე გავანახევრებთ, შემდეგ ნულამდე დავიყვანთ. ანალოგიური მოხდება გაზთან მიმართებით მთელ ევროპაში. რადგან რუსული ენერგორესურსების გავლენიდან სრული გამოსვლა ევროკავშირის საერთო ძალისხმევით მოხდება“, - აღნიშნა მან.

მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა რომ გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე შეაჩერებს, რუსული გაზის შესყიდვაზე უარს კი 2024 წელს იტყვის. რუსული ნავთობის წილი გერმანიის იმპორტში 25%-ია. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ეს მაჩვენებელი 35% იყო. რუსული გაზის იმპორტი კი 55%-დან 40%-მდე შემცირდა. რუსული ქვანახშირის იმპორტი კი 50%-დან 25%-მდე.


13 აპრილს გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდა.

ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დასაწესებლად წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, პროცესი დროში იწელება.

12 აპრილს ნიგერიაში ევროკავშირის ელჩმა, სამუელ ისოპიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, ევროზონისთვის ნიგერიისგან მიღებული თხევადი ბუნებრივი აირის რაოდენობა გაიზარდოს.

11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება.

ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა. 

23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან. 


ასევე წაიკითხეთ

გერმანია ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით ორ ტერმინალს ააშენებს, რათა რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შემცირდეს

გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს

Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან

გერმანია რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის დროებით ნაციონალიზაციას მოახდენს