ლატვია და ესტონეთი მსოფლიოში პირველები არიან, რომლებმაც რუსი სამხედროების დანაშაული უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს. ესტონეთის პარლამენტისა და ლატვიის სეიმის ვებგვერდებზე შესაბამისი ცნობები გავრცელდა.
ესტონეთის პარლამენტის შეფასებით, რუსეთმა ქალაქებში ბუჩაში, ბოროდიანკაში, გოსტომელში, ირპენსა და მარიუპოლში, ასევე, უკრაინის სხვა მრავალ დასახლებულ პუნქტში ჩაიდინა გენოციდის აქტები და მასობრივი სისასტიკე მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ.
თავის მხრივ, ლატვიის სეიმის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილ მასობრივ სასტიკ დანაშაულების ადასტურებს. ამასთან, ლატვია გმობს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს და გენოციდს; იაზრებს თავის მოვალეობას, აღიაროს, აღკვეთოს დანაშაულები მათი განმეორების თავიდან აცილების მიზნით“.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა.
11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.