პრემიერმა ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებთან საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორ ქრის ქუნსის ხელმძღვანელობით იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება. აღინიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი არის აშშ-ის, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური. ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის როლს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კუთხით.

პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს დაუდასტურა მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს პარტნიორობა, როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო იყო და რჩება შეერთებული შტატების მტკიცე და საიმედო პარტნიორად რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და ომის გავლენას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის როლი ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაში. ყურადღება დაეთმო იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გადადგა, როგორც პოლიტიკური, ისე – ჰუმანიტარული მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატებში უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციების მხარდაჭერისა და თანასპონსორობის სახით.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა და ეს პროცესი გრძელდება.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერაზე საქართველოსადმი, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა.

დელეგაციის წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის კონგრესის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სენატის სამხედრო საკითხთა კომიტეტის წევრი, სენატორი გარი პეტერსი, ფინანსთა საკითხების კომიტეტის წევრი, სენატორი ბობ ქეისი, წარმომადგენელთა პალატის სამხედრო საკითხთა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი სტეფანი მერფი, წარმომადგენელთა პალატის შიდა უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი ქეთლინ რაისი,წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი დევიდ ჩიჩილინე, სენატორ ქრის ქუნსის ოფისის თანაშემწე იურიდიულ საკითხებში ალექსანდრა დეივისი, სენატორ ბობ ქეისის ოფისის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ზაქარი შო, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანამშრომელი სოფი მირვისი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი აარონ რუპერტი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ჯაველიძე.

ცნობისთვის, სენატორები და კონგრესმენები დღეს დილით შეხვდნენ ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს.

ამავე თემაზე