2,9 მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა უკრაინიდან პოლონეთში ომის დაწყების შემდეგ, ამის შესახებ პოლონური მხარე იუწყება. ბოლო კვირების განმავლობაში პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა და უკრაინაში მიმავალთა რაოდენობა გაიზარდა. შაბათს უკრაინაში პოლონეთიდან უფრო მეტი ადამიანი შევიდა (21100), ვიდრე პირიქით (15100). საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან უკრაინაში 847 000 ადამიანი შევიდა პოლონეთიდან.
ლტოლვილთა კრიზისის მწვერვალზე, 6 მარტს, 142,300 ადამიანი წავიდა უკრაინიდან პოლონეთში. ომამდე უკრაინიდან პოლონეთში საზღვრის გადაკვეთის საშუალო დღიური რაოდენობა 16800-ს შეადგენდა. ლტოლვილთა ნაწილმა უკვე დატოვა პოლონეთი. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.