ლოიდ ოსტინი: აშშ-ს სურს, რუსეთი იმდენად დასუსტებული იხილოს, რომ ვეღარ შეძლოს იმის გაკეთება, რაც უკრაინაში შეჭრისას გააკეთა

25 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვდრის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიზანია, რუსეთი დასუსტდეს ისე, რომ ვეღარ შეძლოს იმის გაკეთება, რაც უკრაინაში შეჭრისას გააკეთა.

ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი სწორი აღჭურვილობით, სწორი მხარდაჭერით და აშშ ყველაფერს გააკეთებს, განაგრძოს თავისი მხარდაჭერა კიევისადმი.

„ჩვენ გვინდა, რუსეთი ვიხილოთ იმდენად დასუსტებული, რამდენადაც მას არ შეეძლება, გააკეთოს ისეთი რამ, რაც უკრაინაში შეჭრისას გააკეთა“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.


2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


ამავე თემაზე