გუტერეშმა და ერდოღანმა უკრაინაში ომის დასრულების გზები განიხილეს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი „საერთო მიზანი“, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვსა და კიევში გამგზავრებამდე, ანტონიო გუტერეში რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში შეხვდა.

„ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს ჰუმანიტარული დერეფნების მეშვეობით მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა და დაზარალებული თემებისთვის საჭირო დახმარების მიწოდების საჭიროება“, - ნათქვამია გაეროს განცხადებაში.


გაეროს დესპანმა მარტინ გრიფითსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ თურქეთი ღირებული მასპინძელია უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული მოლაპარაკებებისთვის. ასევე 18 აპრილს, ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება. 

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 28 აპრილს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. მანამდე კი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვში ჩადის, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.