პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პუტინი უკრაინაში „გენოციდის სპეციალურ ოპერაციას“ აწარმოებს

რუსეთის შეიარაღებულმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, მიმდინარე გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლა გამოიწვია. ახლა შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ რუსეთთან ურთიერთობების იმ ნიშნულამდე დაბრუნება, როგორც ეს იყო აგრესიამდე. პუტინი უკრაინაში „გენოციდის სპეციალურ ოპერაციას“ ახორციელებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ორშაბათს კატოვიცეში ევროპის მე-14 ეკონომიკური კონგრესის დროს განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ახლა არის „განსაკუთრებული დრო“, როდესაც ერები ჩარჩოებს უნდა გასცდნენ და იფიქრონ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აქამდე აზრადაც არ მოსვლიათ.

„გთავაზობთ უკრაინის აღდგენის გეგმას, იმედის გეგმას უკრაინისთვის, მაგრამ ასევე მთელი ევროკავშირისთვის. ეს არის გეგმა, რომელიც დაფუძნებული იქნება ახალ გეოპოლიტიკურ საფუძვლებზე“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

„დღეს მე მეშინია არა მცირე რუსეთთან სავაჭრო ჯაჭვების გაწყვეტის, ალბათ, მალე გამოჩნდებიან ისეთები, ვინც რუსეთთან ეკონომიკური კონტაქტების ასეთი ჯაჭვის აღდგენას მოინდომებენ“, - დაამატა მატეუშ მორეცავიმ.

ამიტომ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიისთვის მტკიცე წინააღმდეგობის აუცილებლობას და ამის გაკეთებას „აქ და ახლა“.

მატეუშ მორავეცკიმ აღნიშნა, რომ პუტინი თავს დაესხა არამხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სასურსათო უსაფრთხოებას და შექმნა ინფლაცია, რომელსაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა „პუტინის ინფლაცია“ უწოდა.


2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.