აშშ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში ბოლოდროინდელი ძალადობის გამომწვევ მიზეზს იკვლევს

შეერთებული შტატები იკვლევს ბოლოდროინდელი ძალადობის მიზეზს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, განაცხადა სამშაბათს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ნამდვილად არ ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვრჩებით ორიენტირებულნი", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.


გავრცელებული ცნობებით, 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა. 26 აპრილს, ტელეანძა ააფეთქეს.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ.

ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.


ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული.

ასევე წაიკითხეთ