გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი იმედოვნებს, რომ წევრი ქვეყნები უკრაინაში მისი შეჭრის გამო რუსეთს წევრობას სპეციალურ კენჭისყრაზე, ოთხშაბათს შეუჩერებენ. Reuters-ი წერს, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილმა, რომლის სამშობლოში 2008 წელს შეიჭრა რუსეთში, განაცხადა, რომ გაეროს როლი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაა. „ამ შემთხვევაში, რუსეთისთვის წევრობის შეჩერება იქნება მაგალითი იმისა, რომ ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს წესებს“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
„ნებისმიერი თავშეკავება შიშით იქნება მოტივირებული. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ომის დროს, უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა ომის წინააღმდეგ, საუბარია იმ ქვეყნისთვის უფლების შეჩერებაზე, რომელიც ორი თვეა, ბომბავს სხვა ქვეყანას„, - აღნიშნავს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ის მოელის, რომ რუსეთს წევრობა სულ მცირე, მომავალ წლამდე შეუჩერდება.
შეგახსენებთ, რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა 7 აპრილს შეუჩერეს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.