სალომე ზურაბიშვილი: ვისაც შევხვდი კონგრესში, ყველა გამხნევებულია, ყველა ამბობს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს

„აშშ-ის პრეზიდენტი დღეს გამოვიდა და მიმართა კონგრესს, რომ გამოიყოს 33 მილიარდი უკრაინის დასახმარებლად, ვისაც შევხვდი კონგრესში დღეს, ამით ყველა გამხნევებულია. ყველა ამბობს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.

„აშშ-ის პრეზიდენტი დღეს გამოვიდა და მიმართა კონგრესს, რომ გამოიყოს 33 მილიარდი უკრაინის დასახმარებლა, ვისაც შევხვდი კონგრესში დღეს, ამით ყველა გამხნევებულია. ყველა ამბობს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს! ეს მათი ღრმა რწმენაა, რადგან ამერიკამაც გადადგა, ეს ძალიან გადამწყვეტი ნაბიჯი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას სთხოვს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.