ლოიდ ოსტინი: საჰაერო თავდაცვა უკრაინაში ომის კრიტიკული ასპექტია. შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობს

უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენის საკითხზე საუბრისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ლოიდ ოსტინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვა მთლიანად ამ ომის კრიტიკული ასპექტია.

თავდაცვის მდივნის თქმით, რუსეთი ცდილობდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის განეიტრალებას, მაგრამ ეს მიზანი აშკარად ვერ განახორციელეს. და, იქედან გამომდინარე, რომ უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, მათ შეძლეს, რომ რუსეთს ვერ მოეპოვებინა უპირატესობა ამ მიმართულებით. აშშ განაგრძობს ამ საკითხზე ფოკუსირებას.

ლოიდ ოსტინმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ უკრაინას დამატებით შესაძლებლობებს მიაწვდის. მათ შორის, განიხილება შორსმსროლელი საარტილერიო საშუალება.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მივაწვდით მათ ამ შესაძლებლობებს... მუშაობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა კანადელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.


„სიამაყით აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტმა ახლახან სთხოვა 16 მილიარდი აშშ დოლარი თავდაცვის დეპარტამენტს, რათა გადაეჭრა უკრაინის თავდაცვის საჭიროებები მომდევნო, გადამწყვეტ კვირებში. ეს დამატებითი მოთხოვნა მოიცავს 6 მილიარდ აშშ დოლარს დამატებით უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისთვის, რომელიც გვეხმარება, უზრუნველვყოთ იარაღი და სისტემები უკრაინისთვის, და 5 მილიარდი აშშ დოლარი, რაც საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ კრიტიკული მასალების მიწოდება ჩვენი საკუთარი ინვენტარიდან და სხვა, 5 მილიარდი დოლარი დაგვეხმარება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაში“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა. 

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცება სთხოვს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ამავე თემაზე