უკრაინის გაერთიანებული ძალები: 29 აპრილს, უკრაინელმა სამხედროებმა, 11 რუსული ტანკი და 40 ერთეულზე მეტი სხვა ტექნიკა გაანადგურეს

უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, 29 აპრილს, უკრაინელმა სამხედროებმა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, 11 რუსული ტანკი და 40 ერთეულზე მეტი სხვა ტექნიკა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"29 აპრილს დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში, უკრაინის გაერთიანებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლების 14 თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, უკრაინელმა დამცველებმა 29 აპრილს, 11 რუსული ტანკი, 7 საარტილერიო სისტემა, 27 ჯავშანტექნიკა და 14 მანქანა გაანადგურეს. ამასთან, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა რუსული გამანადგურებელი და 7 უპილოტო საფრენი აპარატი გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში ჩამოაგდეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.