უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლი ალიკა ცაავა სამხედრო პატივით დღეს ზუგდიდში დაკრძალეს. მის ხსოვნას დილიდან პატივი მიაგეს სამოქალაქო და სამხედრო პირებმა.
ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად ზუგდიდში უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი ჩავიდა და ქართველი მებრძოლის ოჯახს მიუსამძიმრა.
შეგახსენებთ, რომ ალიკა ცაავა 16 აპრილს მაშინ დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლთან, ზაზა ბიწაძესთან ერთად ქალაქ რუბეჟნოიში დაღუპული ქართველი მებრძოლის, არკადი კასრაძის ცხედრის გამოსაყვანად მიდიოდნენ. დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი უკრაინაშიც გაიმართა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს
- ილია მეორე ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს