რომის პაპმა ფრანცისკემ, უკარაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დიპლომატიური არხებით, რუსეთს მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანად ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა სამჯერ სთხოვა და უარი მიიღო.
იტალიური გამოცემა Il Messaggero-ს ცნობით, სამჯერვე რუსეთმა ვატიკანი მიახვედრა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოდ გამოყვანის გარანტორი ვერ იქნება. პირველი მცდელობა რომის პაპს მარტის ბოლოს ჰქონდა. ის ამ საკითხზე რუსეთის პატრიარქს დაეკონტაქტა. ვარაუდობდნენ, რომ ოპერაციაში უსახელო მართლმადიდებელი ეპისკოპოსი და ვისვალდას კულბოკასი მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ბოლო მომენტში ყველაფერი ჩაიშალა. მეორე მცდელობა იყო აპრილის შუა რიცხვებში, აღდგომაზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, გაზეთი ამტკიცებს, რუსეთმა უსაფრთხოების გარანტია ვერ შეძლო. მესამედ, გასულ კვირას, რომის პაპმა შესთავაზა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან და ზღვით გადაყვანა ვატიკანის გემზე. Il Messaggero-ს ცნობით, ეს წინადადება რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ არ დაკმაყოფილდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ