CNN: მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის თითქმის ყველა შენობა განადგურებულია

CNN-მა გამოაქვეყნა Maxar Technologies-ის სატელიტურ ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნის თითქმის ყველა შენობა განადგურებულია.

ფოტოების თანახმად, შენობების სახურავებზე დაბომბვის შედეგად დიდი ხვრელებია, ზოგიერთია სახურავი კი მთლიანად დანგრეულია. ასევე განადგურებულია ქარხნის მიმდებარედ საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები. ბოლო მონაცემებით, აზოვსტალის ქარხნის სარდაფებს თავს 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და ასობით სამხედრო აფარებს. გასულ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ქარხანას უწყვეტად უტევდნენ.


გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას მარიუპოლში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. გაეროს ცნობით, პირისპირ შეხვედრის დროს გენერალურმა მდივანმა უკრაინასთან დაკავშირებით გაეროს პოზიცია გაიმეორა და ჰუმანიტარული დახმარების, ასევე, კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ წინადადებები განიხილა.

მარიუპოლიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 150 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა ევაკუირებული. უკრაინული მედია წერს, რომ ქალაქში რჩება დაახლოებით 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე. სავარაუდოდ, დაახლოებით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაკრძალეს მასობრივ საფლავში მარიუპოლის გარეუბანში, სოფელ ვინოჰრადნეში. მანჰუშში კი, შესაძლოა, რუსების მიერ მოკლული 3000-დან 9000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დაკრძალული.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და წითელმა ჯვარმა მოითხოვეს ბრძოლების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დატოვონ სამხრეთ საპორტო ქალაქი. საკუთარ განცხადებაში წითელი ჯვარი ამბობს, რომ ღრმად შეშფოთებულია მარიუპოლში მომხდარის გამო. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


ასევე წაიკითხეთ