ანტონიო გუტერეში: ვითარება მარიუპოლში არის კრიზისი კრიზისში

უკრაინაში რუსეთის შეჭრა არის როგორც უკრაინის ტერიტორიის, ასევე გაეროს წესდების დარღვევა და გაერო აგრძელებს ბრძოლას ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის, - ამის შესახებ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

გუტერეშის თქმით, ვითარება მარიუპოლში არის "კრიზისი კრიზისში". 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან ხალხი გამოვიყვანოთ", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. მისი თქმით, მარიუპოლიდან ევაკუაციის საკითხზე პრეზიდენტ ზელენსკისთან ინტენსიური დისკუსიები ჰქონდა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სჯერა და შესაძლებელია, ქარხნიდან ხალხის გამოყვანის საკითხზე წარმატებულ შედეგს მიაღწიონ.


გაეროს გენერალური მდივანი 27 აპრილს უკრაინაში ჩავიდა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


ასევე წაიკითხეთ