უკრაინა საბჭოთა იარაღზე უარს ამბობს და NATO-ს მოდელებზე გადადის

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩემს ამერიკელ კოლეგასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსპექტიული მოდელი. ცხადია, ჩვენ იძულებულნი ვართ, მივატოვოთ საბჭოთა იარაღი და აღჭურვილობა და გადავიდეთ NATO-ს მოდელებზე. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამ პროცესს, მით უფრო მალე დავასრულებთ“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.

„ასევე ვაცნობე გენერალ მილს ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში, კერძოდ, იზიუმისა და სევეროდონეცკის მიმართულებაზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ, სადაც მტერმა მაქსიმალური ძალისხმევა ჩადო. მიუხედავად სიტუაციის სირთულისა, ჩვენ ვიცავთ, ვიკავებთ ოკუპირებულ ხაზებსა და პოზიციებს“, - დაამატა ზალუჟნიმ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.