ევაკუაცია აზოვსტალიდან: ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში მზის სინათლე არ გვინახავს

„უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ ცხოვრებას აზოვსტალში“, - ტერიტორიის დატოვების შემდეგ, ასე, უკრაინელები საკუთარ განცდებს ჟურნალისტებს უზიარებენ. 37 წლის ნატალია უსმანოვა იხსენებს, როგორ იმალებოდა  ძლიერი აფეთქებისას მიწისქვეშა სამალავში.

  • მეშინოდა, რომ ბუნკერიც არ იქნებოდა საკმარისი გადარჩენისთვის - საშინელი შიში მქონდა... როდესაც ბუნკერმა რყევა დაიწყო, ისტერიკაში ვიყავი... ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში მზის სინათლე არ გვინახავს... ვერ წარმოიდგენთ, რა განვიცადეთ, ტერორი. მე იქ ვცხოვრობდი, მთელი ცხოვრება იქ ვმუშაობდი, მაგრამ ის, რაც იქ ვნახეთ, უბრალოდ საშინელება იყო.

 

როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან ქალაქ მარიუპოლში, რომელიც დაახლოებით 100-კაციანმა ჯგუფმა დატოვა. მისი თქმით, ისინი ხვალ ქალაქ ზაპორიჟიეში ჩავლენ.

გაერომ და წითელმა ჯვარმა დაადასტურეს, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. BBC-მ გაავრცელა 29 აპრილს გადაღებული სატელიტური ფოტოები, რომლებიც ფოლადის ქარხნის დაზიანებას ასახავს.

გენერალური მდივნისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, 26 აპრილს, გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას „პრინციპში დათანხმდა“.

უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამრეწველო კომპლექსში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია ჩარჩენილი. თუმცა წყლის, გაზისა და კომუნიკაციების გარეშე, დაახლოებით 100,000 მოსახლე ცხოვრობს, რომელიც რუსეთის თავდასხმების დროს მძიმედ დაიბომბა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ამავე თემაზე