გაეროს სპიკერმა დაადასტურა, რომ სამხრეთ საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია მიმდინარეობს. ამასთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაადასტურა, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს. უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ფოლადის ქარხანა გუშინ 20-მა ადამიანმა დატოვა.
უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამრეწველო კომპლექსში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია ჩარჩენილი. თუმცა წყლის, გაზისა და კომუნიკაციების გარეშე, დაახლოებით 100,000 მოსახლე ცხოვრობს, რომელიც რუსეთის თავდასხმების დროს მძიმედ დაიბომბა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ამავე თემაზე