უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან ქალაქ მარიუპოლში, რომელიც დაახლოებით 100-კაციანმა ჯგუფმა დატოვა. მისი თქმით, ისინი ხვალ ქალაქ ზაპორიჟიეში ჩავლენ.
„მადლობა ჩვენს ჯგუფს. ახლა ისინი გაეროსთან ერთად მუშაობენ ქარხნიდან სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.
შეგახსენებთ, გაერომ და წითელმა ჯვარმა დაადასტურეს, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. BBC-მ გაავრცელა 29 აპრილს გადაღებული სატელიტური ფოტოები, რომლებიც ფოლადის ქარხნის დაზიანებას ასახავს.
გენერალური მდივნისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, 26 აპრილს, გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას „პრინციპში დათანხმდა“.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ამავე თემაზე