ხერსონის მცხოვრებლები რუსეთის ოკუპაციის ქვეშ - BBC ადგილზე არსებულ ვითარებაზე წერს

ხერსონის მცხოვრებლებისთვის რუსეთის ოკუპაციის კიდევ ერთი დღეა. უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქი რუსეთის ძალებმა ომის დაწყებისას აიღეს და რჩება ერთადერთ რეგიონულ დედაქალაქად, რომელიც მათ დაიკავეს. ბევრისთვის ინტერნეტზე წვდომა სულ უფრო რთული ხდება, რადგან მხოლოდ ერთი პროვაიდერი მუშაობს. ერთ-ერთი მცხოვრები, რომელმაც სახელის დასახელება არ ისურვა, BBC-სთან ამბობს, რომ ავადმყოფებს მედიკამენტები ეწურებათ, საკვების მაღაზიები კი, დაიხურა.

  • ხალხი წამლებს ერთმანეთს უცვლის და სოფლებში მედიკამენტების ტრანსპორტირების გზებს აწესრიგებს. ბევრი მაღაზია ცარიელია, საკვები ქუჩაში მანქანებიდან და სატვირთო მანქანებიდან იყიდება. ხალხი იქ დგას თავისი მანქანებით, ფასები უფრო მაღალია...

ამბობენ, რომ მოსახლეობის დაახლოებით 40%-მა ქალაქის დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ ვინც დარჩება, იმედს არ კარგავს, - წერს BBC.

  • ადამიანთა უმრავლესობას სჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ვხედავთ, რომ რუსეთი აგებს, მაგრამ დავიღალეთ ლოდინითა და ასეთ წნეხში დამალვით.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ამავე თემაზე