აზოვსტალში ეროვნული გვარდიის წევრები: მოგიწოდებთ, ყველაფერი გააკეთოთ, რომ შესაძლებელი გახდეს ქარხნის ტერიტორიაზე დარჩენილი სამოქალაქო პირების ევაკუაცია

"მოგიწოდებთ, რომ ყველაფერი გააკეთოთ, რათა შესაძლებელი გახდეს ქარხნის ტერიტორიაზე დარჩენილი სამოქალაქო პირების, დაჭრილი სამხედროებისა და დახოცილთა სხეულების ევაკუაცია", - ამის შესახებ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულმა უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედროებმა განაცხადეს.

"ქვეყნის უმაღლეს საბრძოლო-პოლიტიკურ ხელისფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა შესაძლებელი გახდეს ქარხნის ტერიტორიაზე დარჩენილი სამოქალაქო პირების, დაჭრილი სამხედროებისა და დახოცილთა სხეულების ევაკუაცია.

სამხედროების სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის გამო, მოგიწოდებთ შეასრულოთ მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაცია", – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


 ასევე წაიკითხეთ: