დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, რომ არ დაეხმარა უკრაინას 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, როდესაც უკრაინის რადას მიმართა.
„სიმართლე ის არის, რომ ჩვენ ძალიან მყისიერად ვერ გავიაზრეთ, რა ხდებოდა სინამდვილეში და ჩვენ ერთობლივად ვერ მოვახერხეთ სანქციების დაწესება, რომელიც მაშინ უნდა დაგვეკისრებინა ვლადიმერ პუტინისთვის“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
გაერთიანებული სამეფო £300 მილიონიანი მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში უკრაინას დამატებით იარაღს უახლოეს კვირებში გაუგზავნის. ბორის ჯონსონი პირველი მსოფლიო ლიდერია, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პარლამენტს მიმართა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.