ისრაელი უკრაინისთვის თავდაცვის სისტემების მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს - მედია

ისრაელის ხელისუფლება უკრაინისთვის დახმარების მიწოდების შესაძლო გაზრდას განიხილავს, მათ შორის იგულისხმება თავდაცვის სისტემების მიწოდება, იტყობინება გაზეთი Haaretz-ი. 

  • „ამ საკითხზე დისკუსიების დროს, ოფიციალური პირების უმეტესობა მხარს უჭერს იმ ვარიანტს, რომლითაც ისრაელი გაზრდის სამხედრო და სამოქალაქო ტვირთების მოცულობას უკრაინისთვის. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია დამატებითი დისკუსიები, რომლის დროსაც ისინი განიხილავენ იმ ტვირთის ჩამონათვალს, რაც შეიძლება, უკრაინაში გაგზავნოს. ", - წერს გაზეთი.

ამავდროულად, როგორც ერთ-ერთმა წყარომ ანონიმურობის პირობით განაცხადა, უკრაინის მხარდაჭერის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც გაამჟღავნდა მთავრობის სხდომაზე, იმის გააზრებაა, რომ აშშ და ევროპის სხვადასხვა ქვეყანა ისრაელისგან ელის მკაფიო პოზიციას, რომელ მხარეს იკავებს უკრაინის საკითხის გარშემო.

გაზეთი აღნიშნავს, რომ ისრაელის მხარდაჭერა უკრაინისადმი ფაქტობრივად, უფრო დეკლარაციული ხასიათის იქნება და არ მოიცავს ტვირთის მნიშვნელოვან რაოდენობას, ნაწილობრივ იმიტომ, რომ აშშ და ევროპის ქვეყნები უკვე აწვდიან უკრაინას იმაზე მეტ დახმარებას, ვიდრე ეს ისრაელს შეუძლია".

  • ასევე, ისრაელის შესაბამის ოფიციალურ პირებს შორის არის კონსენსუსი, რომ ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე უკრაინის არმია არ მიიღებს საზენიტო სისტემებს, თანამედროვე იარაღს, შეტევითი იარაღს“. სამაგიეროდ, ამ დროისთვის საუბარია „თავდაცვითი სისტემების მიწოდებაზე, პერსონალურ საბრძოლო აღჭურვილობასა და გამაფრთხილებელ სისტემებზე, რომლებიც შეიძლება, გაიგზავნოს რუსეთთან კრიზისის გამოწვევის გარეშე“, - წერს Haaretz.

გაზეთი იხსენებს, რომ მანამდე ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის არმიისთვის ჯავშანტექნიკის და ჩაფხუტების მიწოდება დაამტკიცა. გარდა ამისა, ისრაელმა უკრაინას მიაწოდა 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის წყლის გამწმენდი სისტემები, სამედიცინო აღჭურვილობა და სხვა დახმარება.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.