თუ სადმე ჯოჯოხეთი არსებობს, ის „აზოვსტალშია“,- ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშენკომ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბლოკადაში მოქცეული ფოლადის ქარხანის ინტენსიური დაბომბვა გრძელდება.
„შეუჩერებელი დაბომბვა და თავდასხმა ხორციელდება „აზოვსტალზე“, ზოგიერთ რაიონში საომარი მოქმედებები უკვე ქარხნის გალავნის მიღმაა“,- განაცხადა ანდრიუშენკომ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხანაზე შეტევას, თუმცა - უშედეგოდ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთი აგრძელებს აზოვსტალის ქარხანაზე შეტევას, თუმცა წინსვლა არ აქვს
- ვოლოდიმირ ზელენსკი: ვიმედოვნებთ, გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას „აზოვსტალიდან“