Reuters: „აზოვსტალიდან“ კიდევ 25 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა

Reuters-ის ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ „აზოვსტალიდან“ კიდევ 25 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. კერძოდ, ქარხნის ტერიტორიიდან გამოიყვანეს 25 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, რომელთა ევაკუაციაც რუსების მიერ კონტროლირებად სოფელში „უასახელო დასახლებაში“ განხორციელდა.

Reuters-ის ცნობით, ამ ადგილზეა დროებითი ბანაკი, სადაც „წითელი ჯვრის“ და გაეროს წარმომადგენლები იმყოფებიან. სადაც სააგენტოს ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ „აზოვსტალიდან“ კიდევ რამდენიმე ავტობუსს ელოდებიან.

უკრაინული მედიის ცნობით, 6 მაისს დღე, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს და უკრაინელი სამხედროების ავტობუსებს, რომლითაც „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების გადაჰყავდათ, ცეცხლი გაუხსნეს. ერთი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 6 დაიჭრა.


6 მაისს, დილას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა  და ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადეს, რომ მარიუპოლიდან ევაკუაციის მესამე ეტაპის შედეგად „აზოვსტალის“ ბუნკერებიდან 500 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. მანამდე 300-ის შესახებ იყო ცნობილი.


5 მაისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გუტერეშმა  „აზოვსტალიდან“ სამოქალაქო პირების ევაკუაციის მესამე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ შტურმს განაგრძობენ. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, „აზოვსტალის“ შტურმისას რუსული ძალები მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდიან.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ