უკრაინის პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში, რომელიც ბოროდიანკაში, დაბომბილი საცხოვრებელი სახლების შავ-თეთრ ფონზეა ჩაწერილი, პირობა დადო, რომ უკრაინა აგრესორის თავდასხმებს გაუძლებს და გაიმარჯვებს.
„მეორე მსოფლიო ომში ჯარისკაცები დაიღუპნენ, რათა ფაშისტური საშინელებები აღარ განმეორებულიყო, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად ხდება. მიუხედავად ამისა, სიმართლე გაიმარჯვებს და ჩვენ ყველაფერს დავძლევთ. ამის მტკიცებულებაა ყოფილი შტაბი და ჰიტლერის ბუნკერი ვინიცასთან ახლოს. მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი მათგან, ვინც თავს დიადად და დაუმარცხებლად თვლიდა. ჩვენმა წინაპრებმა დაამტკიცეს, რომ ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ დაიმალება ბუნკერში. უკრაინელი ხალხი, ნაციზმზე გამარჯვებულების შთამომავლები კვლავ გაიმარჯვებენ და ისევ მშვიდობა იქნება. ჩვენ დავძლევთ ზამთარს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო და 8 მაისსაც გრძელდება. მაგრამ ის აუცილებლად დასრულდება და მას უკრაინული მზე დაადნობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.