უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბარბელ ბასთან შეხვედრისას უკრაინის უსაფრთხოების დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განიხილა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მხარეებმა, უპირველეს ყოვლისა, განიხილეს გერმანიის მხრიდან უკრაინის შემდგომი თავდაცვითი დახმარება, ასევე, რუსი აგრესორის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება“, - აცხადებენ სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურში.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და შეაქო ბუნდესტაგის მიერ რეზოლუციის მიღება, რომელიც მოუწოდებს გერმანიის მთავრობას, გააფართოოს და დააჩქაროს უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ. ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ ოფიციალური ბერლინი მხარს დაუჭერს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინის ეკონომიკის ფინანსური მხარდაჭერისთვის და მოუწოდა გერმანიას, წამყვანი როლი შეასრულოს რუსული არმიის მიერ განადგურებული უკრაინის ტერიტორიების აღდგენაში. თავის მხრივ, ბარბელ ბასმა აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია 8 მაისს უკრაინაში ყოფნა და მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის პატივისცემა.
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბარბელ ბასი კიევში 8 მაისს ჩავიდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.