დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი პუტინის სასოწარკვეთაზე მიუთითებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ პუტინის მიერ აღლუმზე გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები ზღაპრებს გავს. უოლესი გულისხმობს პუტინის მიერ აღლუმის დროს ნათქვამს, რომ რუსეთი  NATO-ს მხრიდან საფრთხის ქვეშ იყო. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა „თვეებისა და წლების განმავლობაში მრავალი, სიცხადეს მოკლებული პრეტენზია გამოთქვა“.

უოლესმა რუსი გენერლები „წინაპრების საამაყო ისტორიის“ გადაწერაში დაანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი ომის დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.

„ვფიქრობ, მას სჯერა იმის, რისი დაჯერებაც სურს - ეს არის სასოწარკვეთის უმნიშვნელო გაელვება“, - განაცხადა უოლესმა. 


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
 
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.