"სამომავლოდ, როდესაც უკრაინა და რუსეთი დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არც ერთი მხარე არ უნდა იყოს იგნორირებული ან დამცირებული, როგორც ეს მოხდა გერმანიის შემთხვევაში 1918 წელს", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„სამომავლოდ, როდესაც უკრაინა და რუსეთი დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არც ერთი მხარე არ უნდა იყოს იგნორირებული ან დამცირებული, როგორც ეს მოხდა გერმანიის შემთხვევაში 1918 წელს. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების და დისკუსიის პირობებს თავად მხარეები დაადგენენ. მაგრამ ეს არ მოხდება რომელიმე მხარის იგნორირებით, გამორიცხვით ან ერთ-ერთი მხარის დამცირებით, რადგან ევროპამ არ შეასრულა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დადებული პირობა და არც 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რადგანაც 1918 წელს ჩვენ ისინი დავამცირეთ“, – განაცხადა მაკრონმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.