დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის დაზერვა ვარაუდობენ, რომ ამერიკულ სატელიტურ ინტერნეტ კომპანია Viasat-ზე კიბერშეტევის უკან რუსეთი დგას. შეტევა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, 24 თებერვალს დაიწყო.
BBC-ს ცნობით, კიბერშეტევამ პრობლემები ცენტრალური ევროპის ინტერნეტ მომხმარებლებს, ასევე - ქარის ელექტროსადგურებს შეუქმნა.
„ჩვენ ვაღიარებთ, რომ საერთაშორისო მთავრობებმა დაადგინეს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი KA-SAT (ფლობს Viasat-ი) ქსელზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე. ჩვენ გვქონდა და გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან და სამთავრობო უწყებებთან, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“, - განუცხადა BBC-ს კომპანიის წარმომადგენელმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ დაზვერვის მკაფიო და შოკისმომგვრელი მტკიცებულება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განზრახ და მავნე თავდასხმას ადასტურებს.
„მსოფლიო ყურადღება ახლა უკრაინისკენაა მიპყრობილი, რადგან ევროპის უსაფრთხოება სწორედ უკრაინაზე გადის. ეს არის ჰიბრიდული ომი. გარდა, სახმელეთო, საჰაერო საზღვაო შეტევებისა, აქტიური კიბეროპერაციები მიმდინარეობს. რუსეთის მხრიდან ომამდეც იყო კიბერშეტევები. რაც შეეხება ომის პერიოდს, პირველი კიბერშეტევა 23 თებერვალს განხორციელდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და საბანკო საფინანსო სექტორის საიტები გატყდა. მას შემდეგ, სამთავრობო სექტორზე კიბერშეტევა გრძელდებოდა.
რუსეთ-უკრაინის ომში Anonymous-ი პირველივე დღეებში ჩაერთო და რუსეთის წინააღმდეგ საპირისპირო კიბერშეტევები განახორციელა, როგორც სამთავრობო, სამხედრო, ასევე, საბანკო სექტორზე, სხვა მსხვილ კომპანიებზე, გაზის და ნავთობმოპოვების სექტორზე. ეს შეტევები რუსეთისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იყო“, - განაცხადა Europetime-თან ინტერვიუში კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილმა მრჩეველმა ლადო სვანაძემ.