აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჩიხში შევიდა. ამის შესახებ Sky News პენტაგონის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელ სკოტ ბერიერზე დაყრდნობით წერს.
ბერიერის შეფასებით, შეიარაღებული კონფლიქტის არცერთი მხარეს არ აქვს უპირატესობა ბრძოლის ველზე. „ვერ იმარჯვებს რუსეთი, მაგრამ ვერ იმარჯვებს უკრაინა, აი სწორედ აქ ვართ ჩიხში“, - ამის შესახებ სკოტ ბერიერმა სამხედრო შეიარაღების საკითხებზე გამართულ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან ბერიერმა აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის არმიამ შეძლო 10 რუსი გენერლის ლიკვიდაცია. „მაგრამ შესაძლოა მათი რაოდენობა უკვე 12-მდე იყოს“, - აღნიშნა ბერიერმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა, ვერცერთი მიმართულებით წარმატებას ვერ მიაღწიეს.
ეროვნული დაზვერვის დირექტორი ერვილ ჰეინსი მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში პუტინს სურს, დაიპყროს დონეცკის და ლუჰანსკის ორი აღმოსავლეთი რეგიონი, გააკონტროლოს ქალაქი ხერსონი და პოტენციურად გააფართოოს სახმელეთო ხიდი დნესტრისპირეთამდე, მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონამდე, სადაც ამჟამად რუსული ჯარები არიან განლაგებულნი.
მაგრამ აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ დნესტრისპირეთამდე მისასვლელად, პუტინს რუსეთის შიგნით დასჭირდება სრული მობილიზაცია, ეს ნაბიჯი კი, მას აქამდე არ გადაუდგამს.
„როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას მიაჩნიათ რა, რომ მათ შეუძლიათ, განაგრძონ პროგრესი სამხედრო მიმართულებით, ჩვენ ვერ ვხედავთ მოლაპარაკებების ეფექტიან გზას, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში“, - განაცხადა ჰეინსმა.