აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება

აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინაში უახლოეს თვეებში "უფრო არაპროგნოზირებადი და ესკალაციური" გახდება, ამის შესახენ სამშაბათს კონგრესს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა განუცხადა.

მიუხედავად ამისა, ერვილ ჰეინსი არ ფიქრობს, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, თუ ის არ იგრძნობს, რომ რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხე არსებობს.

  • აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ პუტინი გაჭიანურებული კონფლიქტისთვის ემზადება და მისი მიზნები სცილდება დონბასის აღმოსავლეთ რეგიონს, სადაც რუსეთის ძალები ამჟამად არიან კონცეტრირებულნი.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში პუტინს სურს, დაიპყროს დონეცკის და ლუჰანსკის ორი აღმოსავლეთი რეგიონი, გააკონტროლოს ქალაქი ხერსონი და პოტენციურად გააფართოოს სახმელეთო ხიდი დნესტრისპირეთამდე, მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონამდე, სადაც ამჟამად რუსული ჯარები არიან განლაგებულნი.

მაგრამ აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ დნესტრისპირეთამდე მისასვლელად, პუტინს რუსეთის შიგნით დასჭირდება სრული მობილიზაცია, ეს ნაბიჯი კი, მას აქამდე არ გადაუდგამს.

„როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას მიაჩნიათ რა, რომ მათ შეუძლიათ, განაგრძონ პროგრესი სამხედრო მიმართულებით, ჩვენ ვერ ვხედავთ მოლაპარაკებების ეფექტიან გზას, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში“, - განაცხადა ჰეინსმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
 
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.