უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 18 შეტევის მოგერიება შეძლეს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსი სამხედროები განაგრძობენ შეტევით ოპერაციებს დონბასში, ხარკოვის სიახლოვეს კი ისმოდა სროლის ხმა.
"უკრაინულმა მხარე ბოლო დღე-ღამეში 100 საარტილერიო გასროლა განახორციელა. როგორც უკრაინის გენშტაბში ამბობენ, უკრაინელი სამხედროების მიერ განადგურებულია 13 ტანკი, 27 ჯავშანმანქანა, რვა საარტილერიო დანადგარი, ასევე საბრძოლო ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატები.
ლუგანსკის ოლქში რუსეთის არმია კონცენტრირებულია დასახლება რუბეჟნოეს დაკავებაზე, ასევე რუსები შეტევას აგრძელებენ ლიმანის მიმართულებით და ცდილობენ, გამაგრდნენ ალექსანდროვკაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.