12 მაისს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია უკრაინაში რუსული ჯარების მოქმედების შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოძიების დაწყების შესახებ.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა UNHRC-ში მონაწილე 33 ქვეყანამ, 12-მა თავი შეიკავა. დოკუმენტის მიღებას მხოლოდ ერიტრეა და ჩინეთი ეწინააღმდეგებოდნენ.
რეზოლუციის ტექსტი მოუწოდებს რუსეთს, რომ უზრუნველყოს „უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მშვიდობიან მოსახლეობასთან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუყოვნებელი და შეუფერხებელი წვდომა“.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომლებიც განხორციელდა მიმდინარე წლის თებერვლისა და მარტის ბოლოს კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის რაიონებში, რომლებიც რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. რეზოლუცია გამოხატავს HRC-ის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.