ვოლოდიმირ ზელენსკი: დღესდღეობით ვერავინ იწინასწარმეტყველებს, ომი რამდენ ხანს გაგრძელდება

"დღესდღეობით ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„რუსეთმა თითქმის 27 ათასი ჯარისკაცი დაკარგა და ბევრი მათგანი ახალგაზრდა წვევამდელია. რუსეთმა დაკარგა 3 000-ზე მეტი ტანკი, ჯავშანტექნიკა, დიდი რაოდენობით სამხედრო მანქანა, ვერტმფრენები, დრონები და ყველა მისი სახელმწიფოებრივი პერსპექტივა. რისთვის ეს ყველაფერი? დროებით ოკუპირებულ გენიჩენსკში ლენინის ძეგლი რომ იდგეს ცოტა ხნით? სხვა შედეგი რუსეთში არ არის და არც იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ:

ვოლოდიმირ ზელენსკი: „აზოვსტალის“ საკითხზე მოლაპარაკებებში, ყველა გავლენიანი შუამავალი ჩავრთეთ