თურქეთი მზადაა, უკრაინას დაჭრილი სამხედროების აზოვსტალიდან ევაკუაციაში დაეხმაროს

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა უკრაინას მარიუპოლიდან დაჭრილი სამხედროების ზღვით ევაკუაცია შესთავაზა. ამის შესახებ იბრაჰიმ კალინმა Reuters განუცხადა.

კალინის თქმით, მან პერსონალურად განიხილა ეს საკითხი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორი კვირის წინ და განაცხადა, რომ შეთავაზება კვლავ ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი არაა თანახმა.

სააგენტოს ცნობით, გეგმის მიხედვით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან დაჭრილი მებრძოლები გადაყვანილი იქნებიან ქალაქ ბერდიანსკში, რომელიც ასევე მდებარეობს აზოვის ზღვის სანაპიროზე, რის შემდეგაც თურქული ხომალდი მათ სტამბოლში ჩაიყვანს.

„ეს თუ ამ გზით შესაძლებელი იქნება, ჩვენ ამის გაკეთებით მოხარულები ვიქნებით. ჩვენ მზად ვართ. სინამდვილეში, ჩვენი გემი მზად არის გასამგზავრებლად და დაჭრილი ჯარისკაცების და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების თურქეთში ჩამოსაყვანად“, – განაცხადა კალინმა.

უკრაინულ და რუსულ მხარეს მარიუპოლიდან დაჭრილების ზღვით ევაკუაციის შესახებ კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ. ამასთან, კალინის თქმით, რუსების პოზიცია ყოველდღიურად იცვლება.

„ისინი აკვირდებიან ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებას და სხვა დინამიკას, მათ მოლაპარაკებებს, მათ საშინაო კოორდინაციას. ამიტომ ნებისმიერი მხრიდან ხშირ შემთხვევაში რთულია მტკიცე პასუხის მიღება. გემი სტამბოლშია და ის მზადაა გასამგზავრებლად. თუმცა ჩვენ ველოდებით რუსული და უკრაინული მხარის საბოლოო თანხმობას ბერდიანსკში გასამგზავრებლად და დაჭრილების თურქეთში ჩამოსაყვანად“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა.

10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.

როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ამავე თემაზე