უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის ხელისუფლებაში გადატრიალება მზადდება

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მძიმედ არის ავად და უმაღლეს ეშელონებში, მის გადასაყენებლად ემზადებიან. მან პუტინის პოლიტიკით უკმაყოფილებაზეც მიუთითა. 

„ეს საბოლოოდ გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის შეცვლას. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ისინი ამ გზით მიდიან", - განაცხადა უკრაინელმა გენერალ-მაიორმა კირილო ბუდანოვმა Sky News-თან ინტერვიუში.

კითხვას მიმდინარეობს თუ არა გადატრიალება, ბუდანოვმა უპასუხა: „დიახ, ისინი ამ გზით მიდიან და მისი შეჩერება შეუძლებელია“.

სხვადასხვა წყარო ბრიტანულ მედიაში ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტს კიბო და პარკინსონის დაავადება აქვს.

თავად ბუდანოვს არ დაუსახელებია წყაროები, რომლებმაც პუტინის ჯანმრთელობის შესახებ აცნობეს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.