ჩავუშოღლუს თქმით, შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ქვეყნებში ტერორისტების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბერლინში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ქვეყნებში ტერორისტების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ. ამასთან, უზრუნველყონ უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები და გააუქმონ თურქეთისთვის ექსპორტის აკრძალვები.

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი არავის ემუქრება, მაგრამ საუბრობს შვედეთის მხრიდან ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდაჭერაზე. ანკარა PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს.

თურქეთი დიდი ხანია, სკანდინავიურ ქვეყნებს, განსაკუთრებით შვედეთს ექსტრემისტული, ქურთული ჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს.

თურქეთის პოზიციის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე კონსენსუსის იმედი აქვს.

იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, წევრები შეძლებენ საერთო ენის პოვნას. სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ NATO პატივს სცემს ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებებს, მაგრამ თურქეთი ასევე მნიშვნელოვანი მოკავშირეა.