რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას CNN რუსეთის სამთავრობო მედია RIA Novosti-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინულ მხარეს ამ საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებია.
„16 მაისს მარიუპოლში, აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში ჩაკეტილ უკრაინელ სამხედრო მსახურების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, დაჭრილთა გაყვანის შესახებ შეთანხმება მიღწეულია", – წერს სამინისტრო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, დაჭრილი სამხედროები ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. „ამჟამად, ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დამყარდა და გაიხსნა ჰუმანიტარული დერეფანი, რომლის გავლითაც უკრაინელი სამხედრო მსახურები გადაჰყავთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მყოფ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, რათა უზრუნველყონ ისინი ყველა საჭირო დახმარებით". – წერს სამინისტრო.
„აზოვსტალის“ დამცველების გადასარჩენად ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანხმობას არ იძლევა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა 16 მაისს განაცხადა.
10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ამავე თემაზე