გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს, თუ ის უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს განბლოკავს. ამის შესახებ, WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობითვე, თურქეთი მზადაა, ამ მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
- უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს
- გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი
გუტერეში, ამ დროისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან, მოლაპარაკებების მიზანი უკრაინული საკვები პროდუქტების ექსპორტის განბლოკვაა მსოფლიო ბაზრებზე, რათა ქვეყნებმა სურსათის გლობალური დეფიციტი თავიდან აიცილონ.
WSJ-ს ცნობით, ამ დროისთვის რუსეთი მოლაპარაკებებში სერიოზულად არაა ჩართული, თურქეთი კი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ შეთანხმების შემთხვევაში ხორბლის უსაფრთხოდ გადაზიდვას განახორციელებს.
ამასთან, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ, გუტერეში რუსეთს მსოფლიო ბაზარზე რუსული და ბელორუსული კალიუმის დაბრუნებას სთავაზობს.
Wall Street Journal-ის ცნობით, გაეროს უშიშროების საბჭო ჯერჯერობით ვერ იღებს რეზოლუციას, რომელიც რუსეთს დაავალდებულებს უკრაინის საზღვაო პორტების გახსნას, რადგან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, მას ვეტოს დაადებენ. „ქვეყნები, რომლებიც უკრაინულ მარცვლეულზე არიან დამოკიდებული, ზეწოლას განახორციელებენ მოსკოვზე, რათა ამ უკანასკნელმა პროდუქტის მიწოდება მინიმუმ შეზღუდული რაოდენობით დაუშვას გემებით – კერძოდ კი საერთაშორისო ორგანიზაციების, ნეიტრალური ან რუსეთის მიმართ მეგობრული ქვეყნის დროშით“, - წერს გამოცემა.
უკრაინის შეფასებით, ოკუპანტებმა ქვეყნიდან დაახლოებით $100 მილიონის ღირებულების 400 ათასი ტონა მარცვლეული მოიპარეს. მანამდე კი უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმელთაშუა ზღვაშია - რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ მშრალ სატვირთო გემებზე.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.