უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ „ქალაქ მარიუპოლის დამცველებს სიცოცხლის გადარჩენა დაევალათ". ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„20 ათასამდე რუსი დამპყრობლის ჯგუფის შეკავების და ზაპოროჟიეში არ გაშვების, შემდგომ დონეცკის რეგიონში არ გაშვების, მათ შორის კიევის მიმართულებით მოწინააღმდეგის ძალების შესუსტების ჩათვლით ბრძანება შესრულებულია და ამიტომ, მათ ახლა ახალი ბრძანება აქვთ - სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება. ისინი უკრაინას სჭირდება. მარიუპოლის დამცველები არიან გმირები“, - განაცხადა რეზნიკმა.
მისი თქმით, დღეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის მოლაპარაკებები წითელი ჯვრის დახმარებით. „შედეგად, ეს არის მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებულების ევაკუაცია. ჩვენი გეგმაა მათი სიცოცხლის გადარჩენა და შემდეგ თავისუფლება".- ამბობს მინისტრი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ.
აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება.
„რთული დღეა, მაგრამ ეს დღე, ისევე როგორც ყველა სხვა დღე, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვას ისახავს მიზნად. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ ვითარებას, უკრაინელი სამხედროების ქმედებების წყალობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე, მომლაპარაკებელი ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს დახმარებით, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, უკრაინას ცოცხლები სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო დელიკატურობასა და დროს საჭიროებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ Reuters-მა გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 10 ავტობუსი გამოვიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან.
რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. რაც შეეხება მარიუპოლს, მისი უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებშია. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.