უკრაინა იტყობინება, რომ ზოგიერთი მებრძოლი „აზოვსტალში“ რჩება და მათი გადარჩენის მცდელობები გრძელდება. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ქარხანაში ასობით მებრძოლი რჩება და ჯერჯერობით უცნობია, როდის და როგორ მოხდება მათი ევაკუაცია. გაურკვეველი რჩება უკვე განხორციელებული ევაკუაციის ზუსტი დეტალებიც. ვარაუდობენ, რომ ევაკუირებულ მებრძოლებს რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ.
„მარიუპოლის“ გარნიზონმა შეასრულა თავისი საბრძოლო მისია. უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ უბრძანა აზოვსტალში განლაგებული ქვედანაყოფების მეთაურებს, გადაერჩინათ პერსონალის სიცოცხლე... მარიუპოლის დამცველები ჩვენი დროის გმირები არიან“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.
თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრის მოადგილა ანნა მალიარმა განაცხადა, რომ სადაზვერვო სააგენტომ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ეროვნულმა გვარდიამ, სასაზღვრო დაცვის სამსახურმა ერთობლივად წამოიწყეს ოპერაცია აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადასარჩენად.
„მარიუპოლის დამცველებმა სარდლობის მიერ დასახული ყველა დავალება სრულად შეასრულეს. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ სამხედრო საშუალებებით გავათავისუფლოთ აზოვსტალი. უკრაინის და მთელი მსოფლიოს მთავარი ამოცანაა მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის გადარჩენა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ვარაუდობდნენ, რომ დაახლოებით 600 ჯარისკაცი იმყოფებოდა ფოლადის ქარხანაში, მათ შორის არიან მძიმედ დაჭრილები. 10 მაისს, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებდა, რომ „აზოვსტალში“ დაახლოებით 1000 მებრძოლი იმყოფება.
„ჩვენ მივიღეთ კრიტიკულად საჭირო დრო რეზერვების შესაქმნელად, ძალების გადაჯგუფებისთვის, პარტნიორებისგან დახმარების მისაღებად. უკრაინისა და მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო ამოცანაა მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ფრონტზე ისეთივე თავდადებით, როგორც თქვენ იცავთ სახელმწიფოს“, - აღნიშნავს უკრაინის გენშტაბი.
„აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება.
„რთული დღეა, მაგრამ ეს დღე, ისევე როგორც ყველა სხვა დღე, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვას ისახავს მიზნად. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ ვითარებას, უკრაინელი სამხედროების ქმედებების წყალობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე, მომლაპარაკებელი ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს დახმარებით, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, უკრაინას ცოცხლები სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო დელიკატურობასა და დროს საჭიროებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, Reuters-მა გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 10 ავტობუსი გამოვიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან.
რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.