"ბოლო ორი დღის განმავლობაში მარიუპოლში მდებარე ფოლადის ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორია სულ 959-მა მებრძოლმა დატოვა, მათ შორის 80-მა დაჭრილმა", - ამის შესახებ მონაცემებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 51 უკრაინელ სამხედროს სტაციონარული მკურნალობა სჭირდებოდა და ისინი რუსეთის მიერ კონტროლირებად ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ.
აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება.
„რთული დღეა, მაგრამ ეს დღე, ისევე როგორც ყველა სხვა დღე, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვას ისახავს მიზნად. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ ვითარებას, უკრაინელი სამხედროების ქმედებების წყალობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე, მომლაპარაკებელი ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს დახმარებით, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, უკრაინას ცოცხლები სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო დელიკატურობასა და დროს საჭიროებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.