ილჰამ ალიევი: მზად ვართ ხელი მოვაწეროთ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას

აზერბაიჯანის პოზიცია სომხეთთან მიმართებით ღიაა. ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო შეთანხმებას და მოხდეს ურთიერთობის ნორმალიზება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბაქოში, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრისას განაცხადა.

აზერბაიჯანის ლიდერმა თქვა, რომ ლიეტუველ კოლეგასთან აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს. ალიევმა განაცხადა, რომ გიტანას ნაუსედა ბაქოს შემდეგ, ერევანში გაემგზავრება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ თქვენ ჩამოგიყალიბდებათ სრული წარმოდგენა. მაგრამ ჩვენი პოზიცია უკიდურესად ნათელია. ჩვენ გვსურს სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზება და მტრობის გვერდის გადაფურცვლა“,- განაცხადა ალიევმა.


9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა.

აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს:

- მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა;

- მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ;

- მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან;

- მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია;

- დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ;

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“.


2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ. 


2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.

ასევე წაიკითხეთ