აშშ-ის ხელისუფლება და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში განიხილავენ ბელორუსისთვის კალიუმის სასუქების ექსპორტზე სანქციების დროებით მოხსნის თუ ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას ევროკავშირში მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს.
აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბელორუსს 6 თვით სასუქების ექსპორტზე სანქციებს შეუჩერებენ თუ ლუკაშენკო დაუშვებს, რომ უკრაინული მარცვლეული სარკინიგზო ტრანსპორტით ბელორუსის გავლით ლიტვის პორტ კლაიპედაში გადაიზიდოს.
- უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს
- გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი
შეერთებულმა შტატებმა 2021 წელს ბელორუსს კალიუმის მრეწველობასთან დაკავშირებული სანქციები დააწესა მიგრაციის კრიზისისა და ოპოზიციის დევნის საპასუხოდ.
WSJ მიუთითებს, რომ ანტონიო გუტერეში ასევე ცდილობს მოლაპარაკებას უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის საზღვაო დერეფნის შექმნაზე, რისთვისაც ის ხვდება რუსეთის, თურქეთის და უკრაინის ხელისუფლებას. ეს ვარიანტი ითვალისწინებს რუსული და ბელორუსული სასუქების ექსპორტის ხელშეწყობას.
- გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა
- WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს
უკრაინა მსოფლიოში მეოთხე უდიდესი მარცვლეულის მწარმოებელია. ომის დაწყების შემდეგ ქვეყანას სურსათის მარაგის გაგზავნა არ შეუძლია, რადგან რუსეთი ბლოკავს პორტებს შავ ზღვაში. აშშ-ის მონაცემებით, უკრაინის ელევატორებში 20 მილიონი ტონა მარცვლეულია.