შარლ მიშელი: უკრაინა ომს მოიგებს, თუ დააკვირდებით სიტუაციას, პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა

უკრაინა ომს მოიგებს. თუ დააკვირდებით სიტუაციას, პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა. ჩვენ ომის დასრულება გვინდა და არა გაფართოება, - ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

"უკრაინა ომს მოიგებს. თუ დააკვირდებით სიტუაციას, პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა. ის ფიქრობდა, რომ ევროკავშირი ერთიან პოზიციაზე ვერ შეთანხმდებოდა. რუსეთში ფიქრობდნენ, რომ უკრაინა წინააღმდეგობას ვერ გაუძლებდა და რამდენიმე დღეში დანებდებოდა. თუმცა მსოფლიომ დაინახა, რომ რუსული არმია არც ისეთი უძლეველია, მათმა კორუფციამ კი შესაბამისი შედეგებიც დადო.

რამდენიმე კვირაში დაიდება უკრაინის განაცხადზე პასუხი. რაც შეეხება სერბეთს, რომელსაც ევროკავშირში უნდა გაწევრიანება და რუსეთის სანქციებს არ უერთდება. მე ვაცნობიერებ, რომ სერბეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. შესაბამისად არსებობს ბევრი სირთულე“, - აცხადებს მიშელი.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.