იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის შესახებ ისაუბრეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მარიო დრაგის ინიციატივით გამართული სატელეფონო საუბრის დროს, სანქციების მე-6 პაკეტის დაჩქარების საკითხი განიხილეს.
„სატელეფონო საუბარი მქონდა მარიო დრაგისთან. ვისაუბრეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, სანქციების მე-6 პაკეტის დაჩქარებასა და უკრაინის პორტების განბლოკვის აუცილებლობაზე. მადლობა იტალიას უკრაინის უპირობო მხარდაჭერისთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე.
გაეროს შეფასებით, უკრაინის ომის დროს სულ მცირე 3838 ადამიანი დაიღუპა და 4351 დაშავდა. ითვლება, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, 6,4 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა სხვა ქვეყნებში, ხოლო 7,7 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული რჩება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.