ლვოვის მედესანტეებმა რუსული სუ-25 თავდასხმის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Telegram-ზე იტყობინება.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა 22 მაისის მდგომარეობით, უკრაინაში უკვე დაკარგა დაახლოებით, 29,050 ჯარისკაცი. 2022 წლის 24 თებერვლიდან 2022 წლის 22 მაისამდე, მოწინააღმდეგის ჯამური საბრძოლო დანაკარგები მოიცავდა ასევე 1,285 ტანკს, 3,141 ჯავშანტექნიკას, 2020, 59 საარტილერიო სისტემას. 93 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 204 თვითმფრინავი, 170 შვეულმფრენი, 2194 ავტომობილი და საწვავის ავზი, 13 საბრძოლო ხომალდი/კატარი, 470 უპილოტო საჰაერო ხომალდი და 43 სპეცტექნიკა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.