უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინასა და პოლონეთს შორის წარსულში არსებული ყველა წინააღმდეგობა ძალადაკარგულია.
უკრაინის პარლამენტის საგანგებო სესიაზე პოლონეთის პრეზიდენტის ანდჯეი დუდას მონაწილეობით გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ამის გაცნობიერების გარეშე 24 თებერვალს კიდევ რაღაც გაანადგურა. ეს არის უკრაინასა და პოლონეთს შორის ყოფილი კონფლიქტების „ერთგვარი საცავი“.
„24-მა თებერვალმა ყველაფერი შეცვალა. მან შეცვალა ჩვენი ხალხი. შეცვალა ჩვენი ქვეყნები. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის შემთხვევითი. არ ვიცი, ჩვენი ასტრონომები სწავლობდნენ თუ არა ამ ფენომენს, მაგრამ ვარსკვლავები ყოველთვის ისე ყალიბდებიან, რომ დაბნელების ყველაზე რთულ პერიოდებში „ერთიანდებიან და გვერდში დგანან, მიუხედავად წარსული ჩხუბისა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, „პოლონეთი ერთ-ერთი ლიდერია არამხოლოდ უკრაინის მხარდაჭერით, არამედ სანქციების დაცვასა და ხელშეწყობაში.
„პოლონელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგოს. ჩვენი ხალხების ერთიანობა მუდმივი უნდა დარჩეს. არც ახლა და არც მომავალში არავის აქვს ამ ერთიანობის დარღვევის უფლება. არც ჩვენს პოლიტიკოსებს, არც მტრულად განწყობილ აგენტებს და არც ევროვიზიის ჟიურის წევრებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.